თირკმელი, Ren - ლობიოს მოყვანილობის წყვილი ორგანოა; მდებარეობს მუცლის ღრუში, წელის მიდამოში, ხერხემლის გვერდებზე. თითოეული თირკმლის სიგრძე 10 – 12 სმ, სიგანე – 5 – 6 სმ, სისქე – 4 სმ-ია; საშუალო წონა – 120 – 200 გ-ია. მარცხენა თირკმელი მარჯვენასთან შედარებით გრძელია. მარჯვენა თირკმელი მდებარეობს გულმკერდის 12 მალიდან წელის მეოთხე მალის ზემო კიდემდე, მარცხენა – გულმკერდის XI მალიდან წელის III მალის ზემო კიდემდე. ქალებში თირკმელები ½ მალით ქვემოთაა, ვიდრე მამაკაცებში. განივად, თირკმელები მდებარეობს წელის დიდი კუნთის ლატერალური კიდიდან მუცლის განივი კუნთის უკანა კიდემდე. თირკმლის ზემო ბოლოები უფრო ახლოსაა შუა ხაზთან, ვიდრე ქვემო ბოლოები.გარედან თირკმელი სადაა და მუქი მოწითალო ფერი აქვს. თირკმელში არჩევენ: წინა და უკანა ზედაპირებს, ლატერალურ და მედიალურ კიდეებს, ზემო და ქვემო ბოლოებს. მარჯვენა თირკმელი ზემო ბოლოთი ებჯინება ღვიძლს, მარცხენა თირკმელი ზემო მესამედით – კუჭს. თითოეული თირკმელი გვერდითი ნაწილით ებჯინება წელის კვადრატულ კუნთს. ლატერალური კიდე – margo lateralis, გამოდრეკილია და მიმართულია მუცლის უკანა კედლისაკენ, მედიალური კიდე – margo medialisშედრეკილია და მიმართულია ქვემოთ, მედიალურად და წინისაკენ.
თირკმლის მედიალურ კიდეზე აღინიშნება ჩაღრმავება – თირკმლის კარი – hilus renalis, რომელიც გადადის თირკმლის წიაღში – sinus renalis. თირკმლის უკანა ზედაპირი წინასთან შედარებით ფართოა, ხოლო თირკმლის წიაღი მიმართულია წინისაკენ. თირკმლის წიაღში მდებარეობს: თირკმლის მენჯი – pelvis renalis, თირკმლის ფიალები – calyces renales,თირკმლის სისხლძარღვები და ნერვები, ლიმფური კვანძები და ცხიმოვანი შემაერთებელი ქსოვილი. ამასთან, ვენები მდებარეობს წინ, არტერიები და ნერვები ვენების უკან, ხოლო თირკმლის მენჯი და შარდსაწვეთი – არტერიების უკან. თირკმლის ზემო ბოლო – extremitas superior, ქვედასთან – extremitas inferiorშედარებით მსხვილი და ფართოა. თირკმლების ზემო ბოლოებზე მდებარეობს თირკმელზედა ჯირკვლები – glandulae suprarenales. თითოეულ თირკმელში არჩევენ შემდეგ სეგმენტებს (segmenta renales): ზემო სეგმენტი – segmentum superius შეესაბამება თირკმლის მედიალურ და, ნაწილობრივ, ზემო ბოლოს წინა ზედაპირს; ზემო წინა სეგმენტი – segmentum anterius superius, რომელიც მდებარეობს თირკმლის მენჯის წინ და მოიცავს ზემო ბოლოს წინა ზედაპირს, თირკმლის შუა ნაწილის ზედა უბანს, ლატერალურ კიდესა და ნაწილობრივ უკანა ზედაპირს; ქვემო წინა სეგმენტი – segmentum anterius inferius, მდებარეობს ასევე თირკმლის მენჯის წინ, გამოდის თირკმლის წინა ზედაპირზე, მისი შუა ნაწილის ქვემო უბანზე და ნაწილობრივ უკანა ზედაპირზე;ქვემო სეგმენტი – segmentum inferius, – უკავია თირკმლის ქვემო ბოლო; უკანა სეგმენტი – segmentum posterius, მდებარეობს მენჯის უკან. თირკმელი გარშემოხვეულია ცხიმოვანი კაფსულითა და თირკმლის ფასციით. ცხიმოვანი კაფსულა – capsua adiposa, უშუალოდ ეხვევა თირკმელს, ამასთან უფრო სქლად მის უკანა ნაწილს; თირკმლის კარის გავლით იგი აღწევს თირკმლის წიაღში.თირკმლის ფასცია – fascia renalis, ნაწილია პერიტონეუმის ქვემდებარე ფასციისა – fascia retroperitonealis, რომელიც თირკმლების მიდამოში გახლეჩილია ორ ფუცლად: წინა ფურცელი – lamina prerenalis, და უკანა ფურცელი – lamina retrorenalis; აღნიშნული ფურცლები ფარავენ თირკმელებს თირკმლის კაფსულასთან ერთად, ასევე თირკმელზედა ჯირკვლებს, თირკმლის სისხლძარღვებსა და ვენებს. ფასციის უკანა ფურცელი უმაგრდება წელის მალების სხეულებს; წინა ფურცლები უკავშირდება ერთმანეთს და ფარავს თირკმლის სისხლძარღვებს, ქვემო ღრუ ვენასა და მუცლის აორტას; თირკმელი შეიცავს კიდევ ერთ საკუთარ გარსს, რომელსაცფიბროზული კაფსულა – capsula fibrosa ეწოდება. კაფსულა ფარავს თირკმელს ყოველ მხრიდან და შედგება გარეთა შემაერთებელქსოვილოვანი და შიგნითა – გლუვკუნთოვანი შრეებისაგან.



.jpg)
No comments:
Post a Comment
ainao756@gmail.com